მშვიდობა ზოგადად მსოფლიოსთვის ცვლის ყველაფერს უკეთესობისკენ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მან გაიხსენა ევრობიუროკრატების ნაწილის ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოში ფულის შემოსვლის გზების შესახებ.
„არც მალავენ, წამოცდენასაც ვერ დავარქმევ, პირდაპირ ამბობენ, რომ დიახ, ვეძებთ გზებს, რათა შემოვიტანოთ თანხა, დავაფინანსოთ ჩვენი აგენტები, რომ აქ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენ აქედან დასკვნა დიდი ხანია გამოვიტანეთ. ჩვენმა საზოგადოებამაც გამოიტანა დასკვნა. თითოეული ასეთი ინფორმაცია, განცხადება ადასტურებს იმას, რასაც ვსაუბრობდით ბოლო წლების განმავლობაში, თუ რეალურად რა ძალასთან გვქონდა საქმე და რა ჩანაფიქრი ჰქონდათ მათ”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
კირცხალიას თქმით, ევრობიუროკრატების ნაწილს სურს საქართველო პროქსი სახელმწიფოდ იქცეს.
„ყველაფერზე მიდიან, იმდენად სასოწარკვეთილები არიან აქაური აგენტები. ისეთ სასაცილო სიტუაციაში ვარდებიან, რაც ვნახეთ ბოლოს ბოკუჩავას შემთხვევაში. ინსტიტუციურ დონეზე ჩვენი სახელმწიფო არის ძალიან მყარად და მიყვება იმ კურსს, რომელიც აქვს არჩეული. არის მეორე ბინძური პოლიტიკური აზროვნება, რაც პირდაპირ ნიშნავს სურვილს, რომ ჩვენი ქვეყანა იქცეს პროქსი სახელმწიფოდ. ყველაზე მძაფრად, ყველაზე თავხედურად ეს ძალები ამოქმედდნენ 2022 წლის შემდეგ. ჩვენ ვაპირებთ ერთადერთს, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, რა არის ჩვენი კურსი, სად ვდგავართ დღეს, რა ვალდებულებებს ვასრულებთ და რა რიტორიკა გვესმის აგენტურული ქსელისგან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ დამანგრეველი ომის დასრულებამ უნდა დაამყაროს მშვიდობა და უნდა გადაიხედოს აგრესიული საგარეო პოლიტიკა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
