შეიძლება ითქვას, რომ თაზო დათუნაშვილი არის სასარგებლო იდიოტი „ლელოს“ პირობებში, განსხვავებით მისი ლიდერებისგან, ვინც გააზრებულად ებრძვიან „იგლ ჰილსის“ პროექტს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი „ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებას „იგლ ჰილსის“ პროექტის შესახებ, რომ „არავითარი ექვსმილიარდიანი ინვესტიცია არ არსებობს“.
წილოსანი აღნიშნავს, რომ ამ პარტიის სხვა წევრები აბსურდულ ნარატივს ჰყვებიან და პროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.
„მათი სხვა წევრების შემთხვევაში ისინი ჰყვებიან იმ აბსურდულ ნარატივს და ავრცელებენ იმ დეზინფორმაციას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ უმსხვილეს ინვესტიციასთან.
მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციამ კიდევ ერთხელ გაასაჯაროვა კიდევ უფრო მეტი დეტალი, რომელიც აქამდე შეიძლება, ცნობილი არ იყო. ფაქტია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტი არის ძალიან კარგად აწყობილი როგორც ფინანსურად, ასევე გარანტირებულია საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები იმ კუთხითაც, რომ უსაფრთხოების სხვადასხვა კომპონენტი დაცული იქნება. ამაზე თავად პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
თუმცა, ვისაც აქვს ამის სურვილი, შეუძლია, დაეყრდნოს თაზო დათუნაშვილს, მაგრამ ვიცით, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ეყრდნობა ირაკლი კობახიძეს“, – განაცხადა ვიცე სპიკერმა.
