„ბიბისის“ მიმართ რა ნდობაც არსებობს, დაესესხეთ ამერიკის პრეზიდენტს და ნახავთ, როგორ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, „ბიბისი“ იმას არ უკვირდება, როგორ ხდება რადიკალური აქციების დაშლა ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში? ამას არ აშუქებს?, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე, სათაურით – „ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ „პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღზე“ საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროს ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, „ბიბისის“ მასალა არის „ფეიკ ნიუსი“.
„სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? „ბიბისის“ რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ, ამერიკის პრეზიდენტის განცხადება. „ბიბისის“ მიმართ რა რეიტინგი და ნდობაც არსებობს, ამერიკის პრეზიდენტს დაესესხეთ და ნახავთ, როგორ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს „ბიბისის“. „ბიბისი“ იმას არ უკვირდება, ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში როგორ ხდება რადიკალური აქციების დაშლა? ამას არ აშუქებს? ეს „ფეიკ ნიუსები“, ნახეთ, რომ ტრამპმა საამიროებიდან მიიღო ინვესტორი, რომელიც 600 მილიარდიდან ტრილიონამდე ინვესტიციის ჩადებას აპირებს აშშ-ში და იქ ერთ-ერთმა იქაურმა იქაურმა „ტვ პირველმა“ თუ იქაურმა „მთავარმა არხმა“ ამ ადამიანს დაუსვა პროვოკაციული კითხვა, რომელიც ტრამპმა იქვე გააჩერა და უთხრა, რომ შენ „ფეიკ ნიუსი“ ხარო. რა ვქნათ, ასეთი „ფეიკ ნიუსების“ პროპაგანდა და მედიები ამერიკაშიც არიან, საქართველოშიც და ყველგან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ადასტურებს თუ უარყოფს „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მაჭარაშვილმა განაცხადა:
„არა, მე ვიცი, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არა, დიდგორის ომის დროს იყო და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით დიდგორის ბრძოლის დროს იყო ეს იარაღი გამოყენებული. შეიძლება, უფრო ადრეც, გორგასლის დროინდელიც იყო. ამერიკის პრეზიდენტმა თუ შეიტანა ეჭვი „ბიბისის“ ობიექტურობაში, ჩვენ რატომ არ შეიძლება, ეჭვი შევიტანოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
