ამაზე გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, თუ რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ BBC-ს სტატიასთან დაკავშირებით.
ირაკლი კირცხალია არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული სტატია ერთ-ერთი პირდაპირი შეურაცხყოფაა ქვეყნის, ერის, სახელმწიფოებრიობის.
„გავიდა წლები, გავიდა თვეები და თვიდან თვემდე, დღიდან დღემდე, ვხედავთ მათ სრულ ლუსტრაციას ყველა მიმართულებით. არასამთავრობო სექტორი იქნება, მედიასაშუალება იქნება, პოლიტიკური ჯგუფი იქნება, პარტია იქნება, ბიუროკრატები იქნებიან. რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელი ერთი რეზოლუცია ჩამოვთვალო, რომელი ერთი უბინძურესო განცხადება ჩამოვთვალო ჩვენი ქვეყნის მიმართ.
კიდევ ერთხელ, იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებთან ერთად ესეც არის ერთ-ერთი პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის. მთელი ინსტიტუციის, საქართველოს შეურაცხყოფაა, ის რაც მოვისმინეთ. როდესაც ჩვენი პარტიის განცხადებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, თუ რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
