საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის და სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, თანხის გამოძალვის მიზნით დაზარალებულის ეზოში მუქარის შემცველი წერილები დატოვეს, სადაც 50 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსალოდნელ მძიმე შედეგზე აფრთხილებდნენ, მათ შორის სიკვდილით იმუქრებოდნენ. იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული მუქარის სისრულეში მოყვანა საფუძვლიანი ყოფილიყო, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს დაზარალებულის ეზოში მდგარი ორი ავტომობილი დაწვეს.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამართადამცველებმა ორივე პირი დააკავეს. ერთ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დიდი ოდენობით 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით ( სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე დაკავებულს ბრალდება 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით ( გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ჯგუფურად), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
