პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრებმა უმაღლესი რადას სხდომის დროს ტრიბუნა დაბლოკეს, ისინი მთავრობის გადადგომას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ითხოვენ.
„როგორც სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გადადგომა საკმარისი არ არის.
„ეს აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა. ქვეყანა სამმაგ კრიზისში იმყოფება – კრიზისი ფრონტზე, კორუფციული კრიზისი და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პარტნიორებთან ურთიერთობებში კრიზისი“, – განაცხადა პოროშენკომ.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სწორედ პარლამენტზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ქვეყანა ამ კრიზისის გადალახვას.
„ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავრობის გადატვირთვისთვის და ახალი კოალიციის შესაქმნელად. მეორე – ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ მთავრობიდან ერმაკ-მინდიჩის ჩანაწერების ყველა ფიგურანტი. ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ყველა დავითხოვოთ. არა მხოლოდ კორუფციის საქმეზე, არამედ ისინიც, ვინც ზეწოლას ახორციელებდა სამართალდამცავ ორგანოებზე, რათა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივების წინააღმდეგ სისხლის სამართლის უკანონო დევნა უზრუნველყოთ. საჭიროა ზელენსკისთან სასწრაფო შეხვედრა მისი დაბრუნებისთანავე, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ სამშვიდობო პროცესის სტრატეგია“, – განაცხადა პოროშენკომ.
„ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატების ქმედების გამო რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. მისი თქმით, ფრაქციის წევრები პარლამენტის საქმიანობაზე ზეწოლას ახორციელებენ.
