2025 წლის უახლესი შეფასებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ქართული ბანკების რეიტინგები გააუმჯობესა. ინფორმაციას საქართველოს საბანკო ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის უმსხვილეს სექტორს წარმოადგენს, მისი რეიტინგის გაუმჯობესება კი როგორც საბანკო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების სანდოობის ზრდაზე, ასევე საბანკო სექტორის მდგრადობაზე მიუთითებს.
„ბანკების გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა, ხოლო გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (Issuers Default Rating) და მდგრადობის რეიტინგები (Viability Rating) არსებულ ნიშნულებზე შენარჩუნდა.
ამავდროულად, Fitch Ratings-მა ქართული ბანკებისთვის ოპერაციული გარემოს შეფასება ‘bb-/Stable’-დან ‘bb/Stable’-ზე გააუმჯობესა.
სააგენტოს განმარტებით, ეს გაუმჯობესება განპირობებულია 2022 წლიდან დღემდე საბანკო სექტორის მდგრადი განვითარებითა და ძლიერი საკრედიტო მაჩვენებლებით. კერძოდ, ტურბულენტური გარემოს ფონზეც კი, მთელი საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები და კაპიტალის პოზიცია სტაბილურად შენარჩუნდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
