„ლელოს“ წარმომადგენლები უნდა გამოვიდნენ და თქვან, ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა, რჩება თუ არა „ლელოს“ წევრად, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილზე საუბრისას.
მისივე თქმით, ერთიანი პარტიული სიით გამოდიოდნენ ამ არჩევნებზე, რა თქმა უნდა ეს არის ერთი გუნდი და რა თქმა უნდა უნდა ტერორისტი საკუთარი რიგებიდან გარიცხონ.
„ლელო“ და ამ კოალიციის ნაწილები, როგორც არიან „ალდეს“ წევრები, ზუსტად „ალდეს“ წევრია ადამიანი, რომელიც აღიარებს ტერორიზმს. „ალდე“, რომელმაც გუშინ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა საქართველოსთან დაკავშირებით, არც კი იმჩნევს, რომ ტერორისტია მათი გუნდის ნაწილი.
„ლელომ“ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რიცხავენ თუ არა საკუთარი რიგებიდან ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა. იგივე მკაფიოდ უნდა განაცხადოს „ალდემ“. თუ არ იქნება ეს განცხადება რომელიმე მხრიდან, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც საკუთარ გუნდში ჰყავს ტერორისტი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა ალეკო ელისაშვილის მხრიდან.
„ყველას ამას ვეუბნებოდი, რომ როგორც კი რადიკალიზმზე თვალს დახუჭავენ, მიიღებენ ექსტრემიზმს და მიიღეს ექსტრემიზმი, როგორც კი ექსტრემიზმზე თვალს დახუჭავენ, მიიღებენ ტერორიზმს და საბოლოო ჯამში მიიღეს ტერორიზმი. ამ ტერორისტულ აქტში სრული მორალური პასუხისმგებლობა აქვს ასევე ევროპულ ბიუროკრატიას თუ დიპლომატიას, მათ, ვინც „ლელოს“ აძლევდა ევროპულ სერტიფიკატს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
