დავიწყოთ იმით, რომ ეს არის მტრული აქტი, არანაირ მეგობრობასთან კავშირი არ აქვს იმას, რაც წერია აღნიშნულ დოკუმენტში, ყველაფერი ტყუილზე არის დაფუძნებული, არანაირი რეალობა, არანაირი სიმართლე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ კომენტარი გააკეთა გამოცემა The Hill-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ უარი თქვა სპიკერ მაიკ ჯონსონის თხოვნაზე, „მეგობარი აქტი“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს დამატებოდა.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ტყუილებზეა დაფუძნებული და მისი მიღება ძალიან მძიმე იქნებოდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის.
„ჩვენ გვაქვს საუბარი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლით, უნდა მოხდეს გადატვირთვა. ის, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, იყო ძალიან მძიმე. უამრავი ტყუილი და სიბინძურე მოვისმინეთ საქართველოსთან დაკავშირებით, გამოვედით და პირდაპირ ვთქვით, რომ ჩვენი სურვილია, ურთიერთობები აღდგეს და დაიწყოს ახალი ფურცლით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ცხადია, თუ აქტის მიღება მოხდებოდა, რომელიც ტყუილებით არის გაჯერებული, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე იქნებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
