ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საგურამოში ცნობილი ბიზნესმენის, გელა ბარკალაიას აგარაკი დააყაჩაღეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერ დილით შსს-მ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნიღბიანები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ – 1956 დაბადებულ ვ.ხ.- ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს.
როგორც შემდგომა ღმოჩნდა აღნიშნული სახლი გელა ბარკალაიას ეკუთვნის, ხოლო ნაცემია 70 წლის ოჯახის დამხმარე მამაკაცი და სახლის მომვლელი.
ის ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული.
შეიარაღებული პირები ეძებდნენ ფულს და ძვირფასეულობას, საუბარია რამდენიმე მილიონზე, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ბარკალაია საგურამოს სახლში, თუჯის რეზერვუარში ინახავდა.
ინფორმაცია ყაჩაღობის შესახებ ambebi.ge – ს გელა ბარკალაიამაც დაუდასტურა. ბიზნესმენის თქმით, ის და მისი ოჯახის წევრები შემთხვევის დროს აგარაკზე არ იმყოფებოდნენ.
გელა ბარკალაია:
– საგურამოში მშენებარე “დაჩაზე” ყაჩაღები შევარდნენ, გუშინ, დილის 11 საათზე. პოლიციამ ისე იმუშავა, რომ საღამოს 11 საათზე უკვე დაკავებულები იყვნენ. ძალიან მაგრად იმუშავეს, გაოგნებული ვარ, ასეთი რამე ამერიკულ ფილმებშიც არ მინახავს. მე ასეთი არაფერი მინახავს… 12-ზე ჩავედი საგურამოში და მთელი საგურამო გადაკეტილი იყო…
– დაზარალებულები როგორ გრძნობენ თავს?
– ერთია დაზარალებული, საავადმყოფოშია…
– დაკავებულებს ხომ არ იცნობდით?
– არა, არცერთს არ ვიცნობ.
– წაღებული ნივთების ამოღება თუ მოხდა დროულად?
– ყველაფერი არის კარგად, იქ ფასეული არაფერი იყო, პოლიციამ იმუშავა უმაღლეს დონეზე, ყველა დაკავებულია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: ambebi.ge
