აშშ-ის სენატში, ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივის კიდევ ერთხელ ჩავარდნას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს ერთგვარ გზავნილად, რომ აშშ-ის მხრიდანაც არის მზაობა ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებით.
„მოხარულები ვართ ნამდვილად, რომ კონგრესში, ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო პროცესებში არიან ადამიანები, რომლებიც სრული პასუხისმგებლობით, მთელი სერიოზულობით ეკიდებიან ამ პროცესს და ცდილობენ, რომ მათ შორის ამერიკული კანონები არ გახადონ საგარეო მიმართულებით პოლიტიკური თამაშების და მანიპულაციების ნაწილი. ამავე დროს, კარგია ეს გადაწყვეტილება იმისთვისაც, რომ გადაიტვირთოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. კიდევ ერთ ერთგვარ გზავნილად შეგვიძლია აღვიქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც არის მზაობა, რომ მაქსიმალურად დროულად დავუბრუნდეთ ორმხრივ ურთიერთობებს“, – აცხადებს მახაშვილი.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა, რომელზეც ოპოზიცია იმედებს ამყარებს, ისევ ჩავარდა. ამერიკული გამოცემა The Hill-ი წერს, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია კანონპროექტი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
