გამოთქმული ვარაუდები არის არამც თუ ჰიპოთეტური და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, არამედ აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა BBC-ის ფილმთან დაკავშირებით.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, რითაც უნდა გაზომილიყო და გამოტანილიყო დასკვნა, რომ შეიძლება, რაიმე ყოფილიყო მომწამლავი, არც ერთი ასეთი არგუმენტი სახეზე არ არის.
„იმთავითვე ძალიან ბევრი მტკიცე არგუმენტი გამოჩნდა, რომლითაც ფაქტობრივად, აბსოლუტურად გამოირიცხა და გაბათილდა რეალურად ის, რომ შეიძლება, სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ ლეგიტიმურ პოლიციურ საშუალებებს მოჰყოლოდა ადამიანების ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.
ამაზე მეტყველებს მიმართვიანობის რაოდენობაც, კონკრეტული გარემოებები, ბევრი ფაქტორი. ფაქტობრივად, რითაც უნდა გაზომილიყო და შეიძლებოდა, გამოყოფილიყო გამოტანილიყო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება რაიმე ყოფილიყო მომწამლავი, არც ერთი ასეთი არგუმენტი სახეზე არ გვაქვს. ყველაფერი ითქვა, ყველაფერი დაიწერა.
ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ, ბოლომდეა მისაყვანი, რომ ვისაც შეიძლება, კითხვა დარჩა მაგალითად, უცხოეთში ამასთან დაკავშირებით, მათთვისაც თვალსაჩინო და გასაგები გახდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად მტკნარი ტყუილი, რომელიც გაავრცელა ამ შემთხვევაში BBC-იმ“, – განაცხადა მინისტრმა.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
