ჩემი სამუშაო საათები ყველაზე ხანგრძლივია და შედეგებიც საუკეთესოთა შორისაა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.
მისი თქმით, პრეზიდენტობის მეორე ვადაში უკვე შეძლო რვა ომის შეჩერება, შექმნა ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა, დააბრუნა ბიზნესი შეერთებულ შტატებში აქამდე უპრეცედენტო დონეზე.
„ჩემი სამუშაო საათები ყველაზე ხანგრძლივია და შედეგებიც საუკეთესოთა შორისაა. მე შევაჩერე რვა ომი, ამ პროცესში მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინე, შევქმენი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა, დავაბრუნე ბიზნესი შეერთებულ შტატებში აქამდე უპრეცედენტო დონეზე, აღვადგინე ჩვენი სამხედრო ძალები, შევძელი ყველაზე დიდი გადასახადებისა და რეგულაციების შემცირება, დავხურე ჩვენი ღია და ძალიან საშიში სამხრეთის საზღვარი, როდესაც წინა ადმინისტრაციებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს და ამერიკის შეერთებული შტატების გარშემო შევქმენი „აურა“, რის გამოც მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უფრო მეტად დაგვაფასა, ვიდრე ოდესმე“, – წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩაიტაროს ხანგრძლივი, საფუძვლიანი და ძალიან მოსაწყენი სამედიცინო გამოკვლევები „გრეით უოლტერ რიდის“ ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში.
„ცენტრს საუკეთესო ექიმები მეთვალყურეობენ, ყველამ იდეალური შეფასება მომცა. ზოგიერთმა თქვა კიდეც, რომ არასდროს უნახავთ ასეთი კარგი შედეგები. ამ შემოწმებებს იმიტომ გავდივარ, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ვარ ვალდებული. სამედიცინო გამოკვლევების გარდა, ისეთი რამ გავაკეთე, რაც სხვა არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია – ჩავაბარე ე.წ. კოგნიტური გამოცდა, რომლის წარმატებით გავლაც ცოტას თუ შეეძლო, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსში“ მომუშავეებსაც. სამივე გამოცდა წარმატებით გავიარე უამრავი ექიმისა და ექსპერტის წინაშე, მათგან უმეტესობასაც არც კი ვიცნობ. მითხრეს, ცოტამ თუ შეძლო ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარება და, სინამდვილეში, უმეტესობა ძალიან ცუდად აბარებს. სწორედ ამიტომ ბევრმა სხვა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, საერთოდ არ ჩაებარებინა. ამ ყველაფრის მიუხედავად, დახარჯული დროისა და შრომის მიუხედავად, „ნიუ იორკ თაიმსს“ და ზოგიერთ სხვას მოსწონს იმის თქმა, რომ მე „ვანელებ ტემპს“, შესაძლოა, ისეთი ჭკვიანი აღარ ვარ, როგორც ადრე ვიყავი ან ცუდი ჯანმრთელობა მაქვს, რადგან იციან, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. იციან, ძალიან ბევრს ვმუშაობ, ალბათ უფრო მეტს, ვიდრე ოდესმე მიმუშავია“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
მისი თქმით, „ნიუ იორკ თაიმსის“ და სხვების მხრიდან ამბოხებაა, შესაძლოა, ღალატიც კი, მუდმივად ყალბი ამბების გამოქვეყნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დამცირების მიზნით.
„სამედიცინო გამოკვლევებთან, კოგნიტურ გამოკვლევებთან და ყველაფერ სხვასთან დაკავშირებით გაწეული ყველა სამუშაოს შემდეგ მე მჯერა, რომ „ნიუ იორკ თაიმსის“ და სხვების მხრიდან ამბოხებაა, შესაძლოა, ღალატიც კი, მუდმივად ყალბი ამბების გამოქვეყნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცილისწამებისა და დამცირების მიზნით. ისინი ხალხის ნამდვილი მტრები არიან და ჩვენ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. არასწორად გააშუქეს არჩევნებში ჩემი ყველა შედეგი და, ფაქტობრივად, იძულებული გახდნენ, ბოდიში მოეხადათ დაწერილის უმეტესობისთვის. საუკეთესო, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში მოხდეს, იქნება, თუ „ნიუ იორკ თაიმსი“ შეწყვეტს სტატიების გამოქვეყნებას, რადგან ისინი საშინელი, მიკერძოებული და ცრუ ინფორმაციის წყარო არიან“, – წერს დონალდ ტრამპი.
