უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრიუსელს აჯანყებით ემუქრება. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს.
ორბანის თქმით, ბუდაპეშტი არ შეასრულებს ევროკომისიის მიერ მიღებულ ახალ წესებს, რომელიც უნგრეთის ხელისუფლებას ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მყოფი მიგრანტების მიღებას დაავალდებულებს.
„ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ ივლისიდან უნგრეთმა უნდა მიიღოს მიგრანტები ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ან უნდა გადაიხადოს მათი საცხოვრებელი ხარჯები. უნგრეთმა ყოველწლიურად უნდა მიიღოს იმდენი მიგრანტი, რამდენსაც ევროკომისია გადაწყვეტს. ჩვენ გვჯერა, რომ ერთადერთი პატრიოტული პასუხი არის აჯანყება. სწორედ ამას გავაკეთებთ. მიგრანტები არ დადგამენ ფეხს უნგრეთში ჩვენი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს – არც სამხრეთიდან და არც დასავლეთიდან. ამასთან ერთად, ბრიუსელის უნგრელი ევროკომისრები მზად არიან, თავს დაესხნენ უნგრელებს ზურგიდან და დაეთანხმონ ევროკომისიას მიგრანტების განსახლების საკითხზე“, – დაწერა ვიქტორ ორბანმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნები 8 დეკემებრს შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს იმ ქვეყნებიდან, სადაც მიგრანტების დიდი რაოდენობაა, 21 000 თავშესაფრის მაძიებლის ევროკავშირის სხვა ქვეყნებში განაწილება მოხდება და ასევე ამავე მიზნებისთვის გამოყოფილი იქნება 420 მილიონი ევრო. ამასთან, გამონაკლისი იქნება ჩეხეთი, ესტონეთი, ხორვატია, ავსტრია და პოლონეთი, რომლებიც მიგრაციის კუთხით მნიშვნელოვან წნეხს განიცდიან. კონკრეტულად რა ვალდებულებას იკისრებს ევროკავშირის თითოეული სახელმწიფო, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შესაბამისი გადაწყვეტილება საბოლოოდ დამტკიცდება. ეს კი 16 დეკემებრს არის მოსალოდნელი.
