საქართველოს სუვერენული უფლება აქვს, თავად დაიცვას თავი და მოსახლეობა, ამ პოლიტიკას მომავალშიც შევინარჩუნებთ. ჩვენ ერთგული ვართ ევროპული მისწრაფებების, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ინტერესების, დემოკრატიის და სუვერენიტეტის ხარჯზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინმემ თუ უნდა გადახედოს საკუთარ ნაბიჯებს, ეს ბრიუსელია, რომელმაც ხელი უნდა აიღოს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ხელების ფათურისგან.
„თავის დროზე, საქართველომ ის გადაწყვეტილებები მიიღო და ის ნაბიჯები გადადგა, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის და წესრიგისთვის იყო აუცილებელი. ბუნებრივია, არ ვაპირებთ ამ ნაბიჯების გადახედვას ცარიელი სიტყვების ამარა. ის ნაბიჯები, რასაც ისინი იღებდნენ, უკანონო ფულის ტრიალი და ა.შ. რის გამოც ეს კანონები იყო მიღებული, ბუნებრივია, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ამ გადაწყვეტილებებს გადავხედოთ. საქართველოს სუვერენული უფლება აქვს, თავად დაიცვას თავი და მოსახლეობა. ამ პოლიტიკას მომავალშიც შევინარჩუნებთ. ჩვენ ერთგული ვართ ევროპული მისწრაფებების, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე და არც დემოკრატიის, სუვერენიტეტის ხარჯზე. იმ პოლიტიკას ვახორციელებთ, რაც სასარგებლოა მოსახლეობისთვის და გადაითარგმნება ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენ იმ პრობლემებზე გვიწევს პასუხის გაცემა, რომლის წყარო ხშირ შემთხვევაში თავად ბრიუსელია. ვინმემ თუ უნდა გადახედოს საკუთარ ნაბიჯებს, ეს ბრიუსელია, რომელმაც ხელი უნდა აიღოს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ხელების ფათურისგან. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ამ კანონებს აზრი დაეკარგება. მაშინ აქვს აზრი, როცა გარე ჩარევებს ვხედავთ. ამ სახის ჩარევა და ზეწოლა თუ შეწყდება, მაგის გარშემო დავსხდებით და გამოსავალს ვიპოვით. ამ ეტაპზე ესკალაციას და მეტ შანტაჟს ვხედავთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

