ევროპელი ლიდერები გამოდიან და იმ სიმართლეს საუბრობენ, რაც წლების წინ უნდა ეთქვათ, რომ უკრაინისთვის ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკება და მშვიდობა ყოფილიყო, ამით უკრაინაში ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დავით მათიკაშვილს დაუსვეს კითხვა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება“.
„გვახსოვს, რუსეთის პრეზიდენტის იზოლირებას როგორ ცდილობდნენ, რომ მასთან კავშირი და დიალოგი არავის ჰქონოდა. არადა, ყველამ კარგად ვიცით, ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით და მშვიდობის ფორმატში შეთანხმებებით სრულდება. მოლაპარაკება თუ არ მოხდება, როგორ უნდა დასრულდეს ომი? უდიდესი მზაკვრობა იყო ჩადენილი არა ოკუპანტი ქვეყნის მიმართ, არამედ იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის ოკუპაცია და ომი წარმოებს. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, ასეთი ინიციატივებით უკრაინის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგდება სურდათ. ახლა მცირე რეიტინგის მქონე ევროპელი ლიდერები გამოდიან და იმ სიმართლეს საუბრობენ, რაც წლების წინ უნდა ეთქვათ, რომ უკრაინისთვის ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკება და მშვიდობა ყოფილიყო. გვახსოვს, 2008 წელი, რუსეთთან ამერიკის გადატვირთული პოლიტიკა, ემბარგო და სანქციები საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვიცხოვრეთ და გვაცხოვრეს, თუმცა ის სიმართლე დღეს აშკარავდება, რაზეც საუბარი უმჯობესი წლების წინ იქნებოდა, რადგან ამით უკრაინაში ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

