რაც ჯარით და ომით ვერ დაათმობინა რუსეთმა უკრაინას, დასავლური ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები, ცდილობს, უკრაინამ ხელი მოაწეროს ნახევრად კაპიტულაციურ ხელშეკრულებას და ტერიტორიები დათმოს მშვიდობით, რომლებიც ომითაც კი არ დათმო, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
ობოლაძის თქმით, უკრაინა ნატოშიც ვერ გაწევრიანდება, რაზეც უკვე ღიად მიდის საუბარი.
„ასევე ვხედავთ, რომ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება და ამაზე უკვე ღიად მიდის საუბარი, ამას რატომ ვამბობ, ამის თქმა ვის შეიძლება უხაროდეს, უხაროდეს კი არა ეს არის ტრაგედია, უბრალოდ ამ ტრაგედიის გათვალისწინებით ივანიშვილი აკეთებს თავის პოლიტიკას. ის ამბობს, რომ მე დავდე ფსონი სწორად, რუსეთის დამარცხება თუ გინდათ, დაამარცხეთ უკრაინაში, მაგრამ თქვენ არ ამარცხებთ რუსეთს უკრაინაში“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

