უკრაინა ნომერ პირველი კორუფციის მქონე ქვეყანაა და მოლდოვაც გვერდით უდგას, ევრობიუროკრატები ფაქტებს როცა ვერ აყალბებენ, ურჩევნიათ, დამალონ და მცდარი განცხადებები აკეთონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტიდან კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე შეფასებები ამოიღო.
„ვიკითხავთ, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში რატომ არ არის კორუფციისა და ადამიანის უფლებების ნაწილზე, თუმცა პასუხიც მარტივია – ფაქტებს როცა ვერ აყალბებენ, ურჩევნიათ, ეს ფაქტები დამალონ და მცდარი, უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებები აკეთონ, რასაც მოლდოვის ქების და საქართველოს გაკრიტიკების დროს აკეთებენ. ფაქტია, უკრაინა ნომერ პირველი კორუფციის მქონე ქვეყანაა და მოლდოვაც გვერდით უდგას. ფაქტობრივად, ეს ის ევრობიუროკრატიაა, რომელმაც თავისი თავიც კი ამოწურა, იმდენად წარმოუდგენელ ნაბიჯებზე მიდიან. მათ შეუძლიათ, უკრაინა-მოლდოვის მოცემულობა დაფარონ, რათა უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარ იარაღად გამოიყენონ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

