საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა თურქ კოლეგასთან, ალი იერლიქაიასთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
ალი იერლიქაიამ ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის დროს გაწეული ძალისხმევისთვის, სწრაფი და ქმედითი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება, ასევე გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ორი ქვეყნის მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება.
დასასრულს, გეკა გელაძემ თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის, გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.

