პროცესი მიდის გაჯანსაღებისკენ და ვფიქრობ ის, რაც აშშ-დან დაიწყო – აგენტოკრატიის და უცხოური გავლენების ნგრევა, „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა, წარმატებით უნდა გაგრძელდეს ევროკავშირის შემთხვევაშიც, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ყოფილი ევროკომისრის დასანქცირებაზე.
მისი თქმით, დადგა დრო, როდესაც ცენზურასა და აზრის გამოთქმაზე, რომელიც ევრობიუროკრატების მხრიდან ამდენი ხნის მანძილზე ისჯებოდა, აშშ-მა რეაგირება გააკეთოს.
„ძალიან საინტერესო ურთიერთობას ვხედავთ აშშ-ისა და ევროპის იმ კონკრეტულ ბიუროკრატებს შორის, რომლებზეც ჩვენც არაერთხელ განგვიცხადებია მათი მხრიდან უსამართლო მიდგომების შესახებ. ახლა დადგა დრო, როდესაც ცენზურასა და აზრის გამოთქმაზე, რომელიც ევრობიუროკრატების მხრიდან ამდენი ხნის მანძილზე ისჯებოდა, აშშ-მა რეაგირება გააკეთოს. სანქციები დაუწესდათ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამ იდეას ემსახურებოდნენ. პროცესი მიდის გაჯანსაღებისკენ და ვფიქრობ ის, რაც აშშ-დან დაიწყო – აგენტოკრატიის და უცხოური გავლენების ნგრევა, „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა, წარმატებით უნდა გაგრძელდეს ევროკავშირის შემთხვევაშიც“, – აღნიშნა წილოსანმა.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა. აშშ სანქცირებულებს ადანაშაულებს ამერიკული პლატფორმების იძულებითი ცენზურის, დემონეტიზაციისა და მათთვის მიუღებელი ამერიკული მოსაზრებების ჩახშობისკენ მიმართული ძალისხმევის ორგანიზებაში.

