ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. რა შეპირებაც მისცა პრემიერმა მოქალაქეებს ყველაფერი 100%-ით სრულდება, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას.
მისი თქმით, პარლამენტი სრულად იქნება ჩართული ამ პროცესში და წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოქალაქეები უკვე იგრძნობენ ამ ინიციატივის შედეგებს.
„როგორც კი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას თებერვალში, ეს იქნება საჯარო პროცესი. შემდეგი წლის პირველივე ნახევარში ჩვენ შევძლებთ, რომ რასაც ბატონი პრემიერი დაჰპირდა ჩვენს მოქალაქეებს, ეს ყველაფერი შესრულებული იყოს. ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში ჩვენი მოქალაქეები იგრძნობენ ამ დაპირების რეალისტობას.
პარლამენტი ძალიან აქტიურად იმუშავებს. შესაბამისად, პარლამენტიც თავის რეკომენდაციებს დადებს. კომისიის მუშაობა იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. შეიძლება, ჩვენ შესაბამისი კანონებში მოგვიწიოს ცვლილებების შეტანა. ახალი კანონების დაინიცირება და ა.შ. მოკლედ, მთელი გუნდი – აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ვმუშაობთ აბსოლუტურ სინქრონში იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, რომელსაც ჩვენ არ გავურბივართ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, – აღნიშნავს პრემიერი.

