საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, ელჩების კონფერენცია 2025-ის მონაწილეებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ქართველ დიპლომატებთან შეხვედრისას საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„ელჩებთან შეხვედრისას ვისაუბრეთ როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და საინტერესო დისკუსია შედგა ყველა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული დიპლომატიური კორპუსი, ძალიან ღირსეული ელჩები, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები, შესაბამისად, მინდა, თითოეულ ელჩს მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გასულ წელს გააკეთეს. ჩვენი პრიორიტეტი მომდევნო წელს არის ზოგადად ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების მაქსიმალურად დაცვა, განმტკიცება. ძალიან ბევრი გამოწვევა რჩება საგარეო ასპარეზზე, თუმცა ვფიქრობ, იმ პოლიტიკით, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე, შესაძლებელია ყველა გამოწვევის დაძლევა და რაც მთავარია, შესაძლებელია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ელჩების კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მთავრობის მეთაურმა ელჩების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.































