გიორგი ჩაკვეტაძე “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე სტუმრებს და მისი მოღვაწეობის განვლილი წლები შეაფასა.
„მივესალმები ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, პარტიის გენერალურ მდივანს, დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილსა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს. მივესალმები ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წარმომადგენელსა და ყრილობის დელეგატებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს მეგობარს, ცოტნე ივანიშვილს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის.
ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს აქ, თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. გუშინდელი დღესავით მახსოვს 2016 წლის 26 ივნისი – დღე, როდესაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამირჩიეთ. 14 წელი გადის მას შემდეგ, რაც 2012 წლის 21 აპრილს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პარტია ,,ქართული ოცნება” დააფუძნა, ხოლო 10 წელი სრულდება, რაც ახალგაზრდული ორგანიზაცია ამ ფორმით ჩამოყალიბდა. მანამდე იყო ახალგაზრდული მოძრაობა. ამ პერიოდში გულანთებულ ადამიანებთან ერთად უამრავი რამ გამოვიარეთ. ,,ქართული ოცნება” და მისი ახალგაზრდული ორგანიზაცია არის იდეა. იდეა, რომელსაც თითოეული თქვენგანი ემსახურებოდა, ემსახურება და მჯერა, მომავალშიც ასე გაგრძელდება! მონაწილეობა მივიღეთ 7 საყოველთაო და 3 შუალედურ არჩევნებში. განვახორციელეთ არაერთი პროექტი. საქართველოში უდიდეს ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჰყავს 10 000-ზე მეტი წევრი და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები“-აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
ჩაკვეტაძის თქმით, ორგანიზაციის სტრუქტურა გამართულია და წლიდან წლამდე უამრავი ახალგაზრდა უერთდება. ახალი თაობის ხმა ისმის თითოეულ რეგიონსა და მუნიციპალიტეტში – საკრებულოებსა და პარლამენტში. მისივე თქმით, მთელი ცხოვრება იამაყებს იმით, რა შედეგებიც ორგანიზაციამ აჩვენა.
ჩაკვეტაძემ თავის სიტყვაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და რამდენიმე მათგანი გამოყო. აქვე ის დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით მიიღეს, ახალგაზრდულ ორგანიზაციას კიდევ უფრო განავითარებს.
მანვე მადლობა გადაუხადა პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და თითოეულ ლიდერს ნდობისთვის.
„განხორციელებული უამრავი პროექტიდან გავიხსენებ 3 დიდ აქტივობას: ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ ახალგაზრდულ კვირეულს; მოხალისე StopCOVID-19-ის ახალგაზრდულ პლატფორმასა და 2020 წლის შემდეგ თითოეულ არჩევნებზე ჩატარებულ ახალგაზრდულ კამპანიას.
უმნიშვნელოვანესია ის საკანონმდებლო და სამთავრობო ინიციატივები, რომლითაც თანატოლების ყოველდღიურობა გავაუმჯობესეთ. აქედან მხოლოდ 3 მათგანს გამოვყოფ: მუნიციპალიტეტებში დანერგილი ახალგაზრდული პოლიტიკა; საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა და; უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება და განათლების ხარისხი არსებითად უმჯობესდება.
იქნებოდა სტიქია, თუ იქნებოდა ზეიმი, თქვენთან ერთად ვიდექით იქ, სადაც ჩვენს სამშობლოსა და ახალგაზრდებს სჭირდებოდა! გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული. როგორც ლეგენდარული გოგი ცაბაძის სიმღერის ტექსტშია, ჩვენი საქართველო აქ არის. დიახ, ეს ასეა! დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ, ახალგაზრდულ ორგანიზაციას კიდევ უფრო განავითარებს. ვრჩები ამ ორგანიზაციის დიდ გულშემატკივრად და საპარლამენტო ტრიბუნიდან გავაგრძელებ ახალგაზრდების მხარდაჭერას. განვლილმა 10-მა წელმა მასწავლა ის, რომ მონდომებით ნებისმიერი მიზანი მიიღწევა!
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ჩემს გუნდს, ოჯახსა და მეგობრებს წლების განმავლობაში მუდმივად მხარდამხარ დგომისთვის. მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ბატონ კახა კალაძეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, ბატონ მამუკა მდინარაძესა და გუნდის თითოეულ ლიდერს, ნდობისა და უწყვეტი მხარდაჭერისთვის. მადლობა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ჩემს წინამორბედებს: ირაკლი გვილავასა და გიორგი არეშიძეს.
ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპოვებულ 2012 წლის გამარჯვებას, დღესაც დაცვა სჭირდება. მაშინ, როდესაც საქართველოში არის მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფო ვითარდება, ახალგაზრდულ ჟინსა და ენერგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მჯერა, თქვენთან ერთად ჩვენს სამშობლოს წინ კიდევ არაერთი გამარჯვება ელოდება! ბევრ წარმატებას ვუსურვებ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარესა და გამგეობას. ახლა კი, დიდი პატივისცემით სიტყვა მინდა გადავცე ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს.“-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

