შეიძლება, ბაჩო ახალაიას გაქცევის სურვილიც ჰქონდა, ეს არ უნდა გამოვრიცხოთ, შეიძლება ხვდებოდა, რომ გამოძიებას მასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ეს გამოძიების ფარგლებში გაირკვევა.
„წლების განმავლობაში ბაჩო ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა არავის უნახავს, შესაბამისად, ვიღაცას მისი პოლიტიკური აქტიურობა რომ აწუხებდა, მსგავსი ფაქტი არ არსებობს. გამოძიება ამბობს, რომ ის სახელმწიფო გადატრიალების და აჯანყების ფარულ საქმიანობას ეწეოდა. გამოძიების ცნობით, 4 ოქტომბერს ოთხივე ლიდერი მუდმივ კავშირზე იყო ბაჩო ახალაიასთან. არ ვიცი, ოჯახში მეუღლეები რაზე საუბრობდნენ, სად წასვლაზე და სად მისვლაზე, მაგრამ ვსაუბრობ იმას, რასაც გამოძიება ამბობს. მეუღლემ შეიძლება ბევრი ვერსია გაახმოვანოს, თავს იცავენ. შეიძლება, გაქცევის სურვილიც ჰქონდა, არ უნდა გამოვრიცხოთ. შეიძლება ხვდებოდა, რომ გამოძიებას მასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ჰქონდა. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბერთან და მის მესვეურებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ახლა აღმოჩნდა, რომ კავშირი ჰქონდა, თან ინტენსიური. რა არის ამ ზარებისა და ქმედების შინაარსი, გამოძიების ფარგლებში გაირკვევა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

