უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალთან ვალერი ზალუჟნისთან და სამხედრო დაზვერვის სამმართველოს მოქმედ ხელმძღვანელთან კირილ ბუდანოვთან წააგებდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანია SOCIS-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოკითხვის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში ზალუჟნის მოსახლეობის 64,2% დაუჭერდა მხარს, ხოლო ზელენსკის – 35,8%.
ხოლო თუ მეორე ტურში ბუდანოვი და ზელენსკი გავიდოდნენ, სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსს ამომრჩეველთა 56,2% დაუჭერდა მხარს და უკრაინის დღევანდელ მმართველს – 43,8%.
რაც შეეხება უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, ზელენსკი მას მეორე ტურში მოუგებდა. გამოკითხვის მიხედვით, მეორე ტურის შემთხვევაში ზელენსკის მხარს მოსახლეობის 67,8% დაუჭერდა, ხოლო პოროშენკოს – 32,2%.
გამოკითხვა 12-18 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით. მასში მონაწილეობა 18 წლის ზემოთ 2 ათასმა ადამიანმა მიიღო. ცდომილებამ 2,6% შეადგინა.

