რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სესხად გადაცემული 90 მილიარდი ევროს გადახდის შესაძლო ვერსიებზე და ამ სესხის მიზნობრიობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში ეკონომიკური კოლაფსი უკვე სახეზეა და ეს ომით არის გამოწვეული.
„ეს თანხა ეხება იმას, რომ უკრაინამ შეძლოს მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების გასტუმრება, – განაცხადა დეპუტატმა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ბიუჯეტი დაახლოებით 100 მილიარდის ფარგლებში იყო და ბიუჯეტის წლიური დეფიციტი 50 მილიარდი იყო.
„ანუ ნახევარი ბიუჯეტი გარღვეული იყო, რომლის შევსებასაც უკრაინა, მისი ეკონომიკა ვერ ახერხებდა. ეს 90 მილიარდი გათვლილია 2 წელიწადზე, რათა უკრაინამ ამ დეფიციტის შევსება შეძლოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან სესხის დაბრუნების ვერსიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან წამოყენებული პირველადი ვერსიით, სესხის გარანტიად გამოყენებული უნდა ყოფილიყო რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივი – დაახლოებით 200 მილიარდი ევრო, რომელიც ბელგიაში „Euroclear“-ში ინახება.
„მაგრამ მთელი რიგი ქვეყნები ამის წინააღმდეგ წავიდნენ, მათ შორის, ბელგია, სადაც ეს თანხებია აკუმულირებული იმიტომ, რომ ამას მოჰყვებოდა ძალიან ბევრი სამართლებრივი პრობლემა და ასევე გართულებები ფინანსურ ბაზრებზე. ევროპას, როგორც სანდო არეალს, სადაც შეიძლება სხვადასხვა ქვეყნისთვის თუ ბიზნესის ფინანსები ყოფილიყო აკუმულირებული, რეპუტაციას შეულახავდა და იქნებოდა აბსოლუტურად მიუღებელი.
ამიტომ მთელი რიგი ქვეყნები ამის წინააღმდეგ წავიდნენ და მათ შორის, არასაჯაროდ, საფრანგეთიც. აქედან გამომდინარე, სესხის გადასაფარად ომის დასრულების შემდეგ გაყინული თანხების გამოყენება კიდევ უფრო არარეალისტური იქნება.
ამიტომ ამ თანხის გადახდა მოუწვეს ან უკრაინას – თუ პირდაპირ თანხით არა, მაშინ რაღაც სხვა მატერიალური კომპენსაციის სახით – ეკონომიკის რაღაც დარგით ან სასარგებლო წიაღისეულით. ან საბოლოო ჯამში ეს თანხა დარჩება ევროპელი გადამხდელების ვალად და მათ დაეწერება ეს თანხა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

