თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება სომალილენდის აღიარების შესახებ არალეგიტიმური და მიუღებელია.
თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თურქეთისა და სომალის ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება ღრმა ისტორიულ, ჰუმანიტარულ და კულტურულ კავშირებს, ყველა სფეროში განაგრძობს განვითარებას.
„სომალის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ნებისმიერ ვითარებაში ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია. ისრაელის გადაწყვეტილება სომალილენდის აღიარების შესახებ არალეგიტიმური და მიუღებელია“, – განაცხადა მან.
ისრაელი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც სომალილენდის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
სომალილენდს 1960 წელს ხუთდღიანი დამოუკიდებლობა ჰქონდა, რა დროსაც იგი ისრაელმა და 34-მა სხვა ქვეყანამ აღიარა, ვიდრე სომალის შეუერთდებოდა.
სომალილენდი ოფიციალურად 1991 წელს გამოეყო სომალის და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებს ის არ უღიარებიათ, რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო – დიდი ბრიტანეთი, ეთიოპია, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დანია, კენია და ტაივანი – იქ წარმომადგენლობით ოფისებს ინარჩუნებდა.

