ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა თირკმლის უკმარისობის გამო გაუარესდა, – იტყობინება გამოცემა „უკრინფორმი“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ГУР) დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, ГУР-ის წყაროების ცნობით, კადიროვი ამჟამად ჩეჩნეთში, საკუთარ საავადმყოფოში იმყოფება. კადიროვთან გროზნოში არიან ჩასული მისი კლანის (ტეიპის) წევრები როგორც ჩეჩნეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.
კადიროვის მძიმე ავადმყოფობის (თირკმლის უკმარისობა) შესახებ ასევე დაწერა გამოცემა “რბკ – უკრაინამ”.
💬“ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დაჩქარდა და გაძლიერდა მისი მემკვიდრის ძებნის პროცესი”, – იტყობინება Ukrinform.
კანდიდატებს შორის არიან რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მაგომედ დაუდოვი, სპეცრაზმ „ახმატის” მეთაური აპტი ალაუდინოვი და რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 20 წლის ახმატ კადიროვი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა. მანამდე ის რესპუბლიკის სპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

