ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის კარიკატურას აქვეყნებს.
სურათზე დონალდ ტრამპი გამოსახულია სარკოფაგში, რომელიც იმსხვრევა. კარიკატურას ახლავს წარწერაც: „ესეც დამხობა“.
პოსტში ხამენეი წერს, რომ ხშირად მსოფლიო ლიდერები, რომლებიც სიძლიერისა და საკუთარი სიამაყის პიკზე არიან, მოულოდნელად მარცხდებიან.
„ამ კაცმა, რომელიც ამპარტავნულად და სიამაყით ზის და მთელ მსოფლიოს განსჯის, ისიც უნდა იცოდეს, რომ, როგორც წესი, მსოფლიოს ტირანები და ამპარტავნები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი (ბიბლიური მითური ფიგურა), რეზა ხანი, მოჰამედ რეზა და მისნაირები, ტახტიდან ჩამოაგდეს. ისინი ტახტიდან მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც თავიანთი სიამაყის მწვერვალზე იყვნენ და ტრამპსაც ჩამოაგდებენ“, – ნათქვამია ხამენეის პოსტში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო სამხედრო ვარიანტებს. ირანში დემონსტრაციები, მე-15 დღეა, გრძელდება. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 500-ზე მეტი აქტივისტია.

