სლოვაკეთის სიდიდით მეორე ქალაქ კოშიცეში SME-ს პოლიტიკურ კომენტატორს, პიტერ შუცს თავს დაესხნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდამსხმელმა მთავრობის კრიტიკით ცნობილ 70 წლის ჟურნალისტს თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც ის დაეცა და ბარძაყის ძვალი მოიტეხა. გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ შუცს ოპერაცია ჩაუტარდა და საავადმყოფოში იმყოფება.
ინციდენტი Aupark-ის სავაჭრო ცენტრის საპირფარეშოში მოხდა. დანაშაულის გარემოებები ან თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ყოველდღიური გაზეთის, SME-ს მთავარი რედაქტორი იმედოვნებს, რომ თავდასხმა ჟურნალისტის საქმიანობას არ უკავშირდება.
„მინდა, მჯეროდეს, რომ თავდასხმა ჩვენი კოლეგის სამუშაოს არ უკავშირდებოდა. ველოდები, რომ პოლიცია ვიდეოჩანაწერებს ამოიღებს, დამნაშავეს იპოვის და მის მოტივს დაადგენს“, – განაცხადა SME-ს მთავარმა რედაქტორმა, რომან კრპელანმა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სავაჭრო ცენტრის დირექტორი მარტინ პალკო. მისი თქმით, ის სლოვაკეთის პოლიციასთან თანამშრომლობს.

