დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ილონ მასკის სოციალური ქსელის, „იქსის“ საერთაშორისო აკრძალვა სურს და თანამოაზრეებს ეძებს. ამის შესახებ „ევრაქტივი“ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც გამოცემა წერს, კირ სტარმერი „იქსის“ საერთაშორისო მასშტაბით აკრძალვის მიზნით მოლაპარაკებებს მართავს ავსტრალიასა და კანადასთან.
ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც სოციალურ ქსელ „იქსის“ ხელოვნური ინტელექტის გარშემო სკანდალი აგორდა. კერძოდ, „გროკი“ გამოყენებული იყო ქალებისა და ბავშვების სექსუალური ყალბი ვიდეოების შესაქმნელად.
როგროც „ევრაქტივი“ წერს, სტარმერს სურს, აღნიშნულ სკანდალს საერთაშორისო რეაგირება მოჰყვეს.
მანამდე ხელოვნური ინტელექტის საკითხებში კანადის მინისტრმა, ევან სოლომონმა განაცხადა, რომ ოტავა არ განიხილავს „იქსის“ აკრძალვის შესაძლებლობას.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ „გროკის“ გარშემო აგორებულ სკანდალს „აბსოლუტურად ამაზრზენი“ უწოდა. მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ „სოციალური მედია არ ახდენს სოციალური პასუხისმგებლობის დემონსტრირებას“.
როგორც ცნობილია, „გროკის“ სკანდალით უკვე დაინტერესდა ბრიტანული მარეგულირებელი „ოფკომი“ და მომხდარის გამოძიებას ატარებს.

