ავსტრიის რესპუბლიკაში, ქალაქ ვენაში ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაში (Georgia Ministerial Keynote Interview). ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ვითარებასა და ფისკალურ მაჩვენებლებზე.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება ევროპული ქვეყნების ზრდას, რაც ეკონომიკის სტრუქტურის, ფისკალური პრიორიტეტებისა და განხორციელებული რეფორმების შედეგია. ბოლო 5 წლის შედეგებით, საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მთელ მსოფლიოში.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა გამოავლინა სხვადასხვა ტიპის შოკების მიმართ; ამავდროულად, მან შეძლო ძლიერი მაკროეკონომიკური და ფუნდამენტური მაჩვენებლების შენარჩუნება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა:
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო წლიურმა ზრდამ 5 წლის განმავლობაში შეადგინა 9.3%;
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდა 5 წლის განმავლობაში – 56%;
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე (5 წლის განმავლობაში) 5000-10 000 აშშ დოლარი;
ბიუჯეტის დეფიციტი (5 წლის განმავლობაში) შემცირდა 9%-დან 1.4%-მდე;
სახელმწიფო ვალი (5 წლის განმავლობაში) 60%-დან შემცირდა 34%-მდე;
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი (5 წლის განმავლობაში) 10%-დან შემცირდა 3%-მდე.
მისი თქმით, ეს შედეგები მხარდაჭერილია სტრუქტურული რეფორმებით, რაც გულისხმობს გონივრულ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, რომელმაც უზრუნველყო მაკროეკონომიკური სტაბილურობა და კერძო სექტორის ძლიერი ნდობა.
ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს შორის, ფინანსთა მინისტრმა დაასახელა ტურიზმის სექტორი (რომელმაც პანდემიამდელთან შედარებით, თითქმის 50%-ით მეტი შემოსავალი გამოიმუშავა), საფინანსო სექტორი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და განათლების სექტორები, მშენებლობისა და ლოგისტიკის სექტორები.
„ეს ის სფეროებია, რომლებმაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესი ნაწილი მოიზიდეს. ყოველწლიურად, საქართველოში მობილიზებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6%-ის ფარგლებშია, რაც გაცილებით მაღალია მსოფლიოსა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან, ასევე, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი EMAAR ჯგუფის 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში წარმოებულმა რეფორმებმა ბოლო წლებში, ადგილობრივი და უცხოური კომპანიების რეინვესტიციების მაჩვენებლის მნიშვნელოვანო ზრდა გამოიწვია. მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყაროების უმეტესობა ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან მოდის, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ოდენობის 80%-ს შეადგენს.
„ვფიქრობ, ეს ფაქტები და ციფრები ნათელ პასუხს იძლევა იმაზე, თუ როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა ამ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

