ევროკავშირის 2025 წლის რეგულაციები მოუწოდებს მის წევრ სახელმწიფოებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მასთან არიან მიმოსვლაში, მათ შორის უვიზო რეჟიმის ფარგლებში, რომ უზრუნველყონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფრთხოება მათ შორის იმ გზით, რომ მასზე დაიტანონ პიროვნების ფოტო და თითის ანაბეჭდი, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ რუსუდან კოხოძემ.
მისივე თქმით, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უკვე დატანილია პირის თითის ანაბეჭდი.
„პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე თითის ანაბეჭდის დატანა ემსახურება იმას, რომ მფლობელის უფლებები იყოს დაცული, მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მისი დოკუმენტის არამიზნობრივი გამოყენება, გაყალბება და მისი იდენტიფიცირებისას არავითარი შეფერხება არ შეექმნას შესაბამის უწყებებს და ორგანიზაციებს“, – აღნიშნა რუსუდან კოხოძემ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე განმარტა ის პროცესები, რომელსაც გადის სააგენტო, რომ თანხვედრაში იყოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან.
„ვიზალიბერალიზაცია დაკავშირებულია იმასთან, რომ დოკუმენტები, რომელსაც გასცემს სახელმწიფო და რომლითაც ხდება პირების იდენტიფიცირება, იყოს უსაფრთხოდ აღიარებული, ამისთვის განსაზღვრული იყო მთელი რიგი კრიტერიუმები, რაც უკავშირდებოდა არა მხოლოდ ფიზიკურად დოკუმენტს, არამედ იმ პროცესებსაც, რომლის ფარგლებშიც გაიცემა დოკუმენტები. ამ კუთხით ჩვენ ყველა ვალდებულება შესრულებული გვაქვს, მუდმივად ხდება განახლებებზე მუშაობა, გავდივართ სხვადასხვა ტიპის აუდიტს და სერტიფიცირებას, რომ სრულად თავსებადი და თანხვედრაში ვიყოთ საერთაშორისო მოთხოვნებთან“, – დასძინა კოხოძემ.

