აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, დელსი როდრიგესს შეხვდა. ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
ეს არის აშშ-ის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტი კარაკასში მას შემდეგ, რაც ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავეს.
როგორც ჟურნალისტებს ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რეტკლიფი ვენესუელაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნით ჩავიდა, ხოლო როდრიგესთან შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
„პრეზიდენტ ტრამპის დავალებით რეტკლიფი ეწვია ვენესუელას, რათა შეხვედროდა დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესს და მისთვის გადაეცა შეტყობინება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები სამუშაო ურთიერთობების გაუმჯობესებას იმედოვნებს. კარაკასში გამართული შეხვედრის დროს რეტკლიფმა განიხილა ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობები და ის, რომ ვენესუელა ვეღარ იქნება ამერიკის მოწინააღმდეგეების, განსაკუთრებით ნარკოტიკების გადამზიდავების უსაფრთხო თავშესაფარი“, – განაცხადა წყარომ.
კარაკასში შეხვედრა იმავე დღეს გაიმართა, როდესაც როდრიგესმა პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველად მიმართა ერს და გამოაცხადა ნავთობის სექტორში რეფორმების შესახებ, რომლებიც ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.
მანამდე ვენესუელის კანონმდებლობა ითვალისწინებდა, რომ უცხოელ პარტნიორებს უნდა ემუშავათ ვენესუელის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია PDVSA-სთან, რომელსაც სავალდებულოდ უნდა ჰქონოდა საკონტროლო პაკეტი.
როგორც როდრიგესმა განაცხადა, რეფორმები „შესაძლებელს გახდის ამ საინვესტიციო ნაკადების გადამისამართებას ახალ სფეროებში და იქ, სადაც ინფრასტრუქტურა არ არსებობს“, ხოლო ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება დასაქმებულთა საჭიროებებს და სახელმწიფო სერვისების დაფინანსებას.
თავის მიმართვაში დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ არ ეშინია, შეერთებულ შტატებს „დიპლომატიურ დონეზე, პოლიტიკური დიალოგის გზით“ დაუპირისპირდეს და აღნიშნა, რომ ვენესუელამ უნდა დაიცვას საკუთარი „ღირსება და პატივი“.
„ოდესმე თუ მომიწევს ვაშინგტონში გამგზავრება მოქმედი პრეზიდენტის სტატუსით, ამას თავდაჯერებულად გავაკეთებ – ფეხზე მდგომი და არა ხოხვით“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და დელსი როდრიგესმა 14 იანვარს სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელსაც ორივე მხარემ პოზიტიური უწოდა.
