ცოტა ღიმილისმომგვრელია, როდესაც ასეთი ადამიანები მსგავსი შინაარსის განცხადებებს და ვიდეოს წერენ ვითომ რაღაც ისეთ გარემოში, რომელიც უნდა იყოს ყურადღება მისაქცევი, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ერთადერთ ფაქტზე, ერთ წინადადებაზე გაამახვილებდა ყურადღებას, რომელიც ახალაიამ გააჟღერა, რომ თითქოს სანამ მათი ხელისუფლება მოვიდოდა, საქართველოში არ იყო ოჯახი დარჩენილი, რომელიც ან დაყაჩაღებული არ იყო, ან გაძარცული არ იყო, ან ა.შ.
„მე შევახსენებდი, რომ კარგად გადახედონ სტატისტიკას და მართლაც დავუდასტურებ, რომ თითქმის არ ყოფილა ოჯახი საქართველოში, მათი მმართველობის პერიოდში, ვისაც მათი ეს ყაჩაღობრივი ხელი, გაძარცვა, რეკეტი, ბიზნესის რეკეტი არ შეეხო პირდაპირ თუ ირიბად. მგონი, ცოტა წლები ეშლება ამ შემთხვევაში – თავისი ხელისუფლების მმართველობაზე ლაპარაკობდა და არა მანამდელზე. აქედან გამომდინარე, ცოტა ღიმილის მომგვრელია ნამდვილად, როდესაც ასეთი ადამიანები მორალს უკითხავენ საზოგადოებას, რომელსაც ძალიან კარგი მეხსიერება აქვს და ძალიან კარგად ახსოვს არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 2003 წლიდან 2012 წლამდე როგორი მმართველობა გამოიარა“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
