არა, ძვირფასო მარკ რუტე, ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას ევროპის თავდაცვისუნარიანობის შესახებ.
ბაროს თქმით, თავად აშშ ეთანხმება, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„არა, ძვირფასო მარკ რუტე. ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. შეერთებული შტატებიც კი ეთანხმება ამას. ეს ნატო-ს ევროპული საყრდენია“, – წერს ბარო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირს ან მთლიანად ევროპას, შეერთებული შტატების გარეშე თავის დაცვა არ შეუძლია. რუტემ აღნიშნა: „თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ევროკავშირს ან მთლიანად ევროპას შეუძლია, დაიცვას თავი აშშ-ის გარეშე, მაშინ განაგრძეთ ოცნება“.
