ახლოვდება სტუდენტების მიერ კონკრეტული უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევის პრეიოდი. შესაბამისად, ამ მიზეზით არის განპირობებული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მთავრობის ინიციატივით, მათ წარადგინეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროზე მიიღეს და განსახილველად კომიტეტებს გადაეცა.
მინისტრის განმარტებით, მომავალი კვირიდან შესაბამისი კომიტეტები განიხილავენ აღნიშნულ ინიციატივას და დაჩქარებული წესით მოხდება ცვლილებების მიღება.
„დაჩქარებული წესით იმიტომ, რომ ახლოვდება სტუდენტების მიერ კონკრეტული უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევის პერიოდი. შესაბამისად, ამ მიზეზით არის განპირობებული დაჩქარებული წესით განხილვა, თუმცა ეს არის საფუძველი იმის, რომ დაიწყოს რეორგანიზაცია“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო საბჭო და ასევე დაინიშნება დროებითი რექტორისა და მისი მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები. აღნიშნული პირები უნივერსიტეტის ავტონომიურობიდან გამომდინარე დამოუკიდებლად განახორციელებენ რეორგანიზაციას. მიქანაძის განმარტებით, მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ მაქსიმალურად ყველა ფაკულტეტი იქნება შენარჩუნებული.
„კვოტების კუთხით რამდენიმე კვირაში ჩვენ მთავრობას მივმართავთ შესაბამისი დადგენილების პროექტით და მთავრობა განიხილავს. საშუალება მოგვეცემა, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ არც კვოტები მცირდება ამ რეორგანიზაციის პროცესით, რომელიც დაახლოებით, თებერვლის ბოლოდან-მარტიდან დაიწყება. საზოგადოება დაინახავს, რომ ყველა აკადემიური პერსონალი, რომელიც დღეს ორივე უნივერსიტეტში მოღვაწეობს, თავის საქმიანობას გააგრძელებს და დარჩება უნივერსიტეტის წიაღში“, – განაცხადა მიქანაძემ.
