ეს არის ის ერთი წელი, როდესაც მოსწავლეები დაამთავრებენ როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასს. კონკურენცია უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვექნება, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
წამყვანმა მინისტრს ჰკითხა, 2028 წელს, როდესაც სკოლას ერთად დაამთავრებენ მე-11 და მე-12 კლასელები, ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გაორმაგებული რაოდენობის გამო რა ვარიანტებს განიხილავს სახელმწიფო, იქნება გაზრდილი კვოტები, თუ მოსწავლეებს გაორმაგებული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.
„ეს არის ის ერთი წელი, როდესაც მოსწავლეები დაამთავრებენ როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასს. კონკურენცია [გამოცდებზე] უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვექნება. საკითხზე აქტიური მუშაობა მარტო ახლა კი არა, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ეს ეხება პროფესიული განათლების მიმართულებასაც. პროფესიული განათლების მიმართულებით ვზრდით დაფარვის როგორც გეოგრაფიულ არეალს, ასევე იმ სპეციალობების შესაძლებლობებს, რომელიც შეუძლიათ ახალგაზრდებმა აითვისონ პარალელურ რეჟიმში. ისევე როგორც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა იქნება უფასო, პროფესიულ სასწავლებლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ უზრუნველყოფას. ეს არის ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც დღესაც მოქმედებს. ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ ვერ ექნებათ საშუალება, რომ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, გააგრძელონ სწავლა შესაბამისი პროფილური მიმართულებით პროფესიულ სასწავლებლებში. ამ პროცესზე რა თქმა უნდა ვფიქრობთ.
