დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია, მეტროს ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს, ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფრთხო მუშაობა უზრუნველვყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მეტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
“დღეს მსოფლიოში 210-ზე მეტი მეტროპოლიტენის სისტემა მუშაობს. თბილისის მეტრო, გახსნის მომენტისთვის, მსოფლიოში 26-ე იყო. 1965 წლის 28 ნოემბერს ხაზზე პირველი საცდელი მატარებელი გავიდა, რაც იყო გამარჯვება თითოეული ქართველისთვის და დღემდე სიამაყის საგანია ჩვენთვის. მეტროპოლიტენის შექმნის ისტორია არაერთ პოლიტიკურ თუ საინჟინრო გამოწვევას, დიდ შრომას და ძალისხმევას უკავშირდება. 1966 წელს პირველმა მატარებელმა დაიწყო მგზავრთა გადაყვანა. მას შემდეგ მეტრო ცოცხალი ორგანიზმივით იზრდებოდა. დაემატა საბურთალოს ხაზი, სადგურები ერთმანეთს დაუკავშირდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი, 2017 წელს წარმატებით დავასრულეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტი – გავხსენით რიგით 23-ე სადგური, „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, აღვადგინეთ 3.5 კილომეტრი სიგრძის გვირაბები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ მერიამ განაახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა – მთლიანად შეიცვალა 560 კილომეტრი ძალოვანი სადენები და სავენტილაციო სისტემები.
“აქტიურად მიმდინარეობს სადგურების რეაბილიტაცია და ეს პროცესი კიდევ 12 სადგურს შეეხება. პარალელურად, სისტემას ემატება ევროპული სტანდარტის 111 ახალი ვაგონი, რაც მგზავრობას ბევრად კომფორტულს გახდის. თბილისის მეტროს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას ყოველდღიურად 2800 პროფესიონალი უზრუნველყოფს. პროფესიულ დღეს ვულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ვეტერანების მიმართ, რომელთა შრომაზეც დგას მეტროს ისტორია. მადლობას გიხდით მოქმედ თანამშრომლებს – სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ეს ურთულესი სტრატეგიული ობიექტი დღესაც საიმედოდ ფუნქციონირებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ 60 წლის იუბილეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მეტროპოლიტენის თანამშრომლებს 60 წლის იუბილე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა.
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მეტროპოლიტენის 9 თანამშრომელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მათ თბილისის მერისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ. კახა კალაძემ ასევე მადლობის სიგელები გადასცა მეტროს 5 თანამშრომელს.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.



























