საკრედიტო რეიტინგთან მიმართებაში ეს გამოშვებაც ძალიან კარგი ხელის შემწყობი ფაქტორია იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც საკრედიტო რეიტინგები დგება, ის აფასებს ქვეყნის რისკიანობის დონეს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს მთავრობის მიერ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვებაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, გამოიკვეთა შედეგი, რომ რეალური ინვესტორები უფრო ნაკლებად რისკიანად აფასებენ ქვეყანას, ვიდრე საკრედიტო სააგენტოები.
„თუმცა, ეს მაინც შეფასებაა. ხოლო როდესაც საუბარია ღია ბაზარზე გასვლასა და შედეგებზე, ეს არის უკვე შეფასება რეალური ინვესტორების მხრიდან. ანუ საკრედიტო რეიტინგები დგება ინვესტორებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ორიენტაცია, რა რისკის მატარებელია ქვეყანა. ამ შემთხვევაში გამოიკვეთა შედეგი, რომ რეალური ინვესტორები უფრო ნაკლებად რისკიანად აფასებენ ქვეყანას, ვიდრე საკრედიტო სააგენტოები. ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ საკრედიტო სააგენტოებთან, საინტერესო შედეგებია მათი შეფასების კუთხითაც. როდესაც აფასებენ საქართველოს, საკრედიტო რეიტინგების კომპანიების მოდელებიც კი უფრო მაღალ რეიტინგს აჩვენებს საქართველოსთან მიმართებაში. ბუნებრივია, გარკვეული კორექტირებები ხდება, ძირითადად ეს არის გეოპოლიტიკური და რეგიონული რისკებიდან გამომდინარე. თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ვნახავთ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასაც”, – განაცხადა მინისტრმა.
