განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, დებატების სივრცე კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ხელოვნურად იყო იზოლირებული. მისივე თქმით, ისინი უბრალოდ შემსრულებლები იყვნენ, რადგან დავალება, რომ ქართულ პოლიტიკაში დებატები გამქრალიყო, მათმა საერთაშორისო პატრონებმა გასცეს.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, ყველას ექნება საშუალება, რომ გაარჩიოს შავი და თეთრი ერთმანეთისგან. ეს სივრცე ხელოვნურად იყო იზოლირებული, მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წარმოადგენენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მაგრამ ისინი უბრალოდ შემსრულებლები იყვნენ; ეს იყო საერთაშორისო პატრონების დაკვეთა, რომ საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში გამქრალიყო დებატები, არავის აღარ ჰქონოდა სურვილი, რომ საგნობრივად ემსჯელა კონკრეტული საკითხებზე, რომელიც მაგალითად შეეხება ფასებს, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ა.შ.“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატები იწყება. არხი ახალი პოლიტიკური ფორმატისთვის ემზადება, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საგნობრივ დისკუსიას დაეთმობა. პირველი გადაცემა ეთერში 14 თებერვალს გავა.
