უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ევროპის საბჭო ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს. გენერალური მდივნის ინიციატივით, მინისტრთა საბჭომ ანგარიში შეიმუშავა. კანონმდებლობამ უცხოური გავლენები უნდა შეამციროს. ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. ქართულმა მხარემ ორგანიზაციას მოსაზრებები უკვე გაუგზავნა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროსაბჭო ახლა ზუსტად იგივე ნაბიჯებს დგამს, რის გამოც ბრიუსელი საქართველოს ამ დრომდე აკრიტიკებს და უკვე ევროპის საბჭოც აღიარებს, რომ პრობლემა რეალურად არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც არსებობს.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ისინი მზად არიან, რომ უცხოური ჩარევების საკითხთან დაკავშირებით თავისი გამოცდილება გაუზიარონ ევროპელებს.
“პარადოქსულია, როდესაც თან გვაკრიტიკებენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და, თან, რჩევას ითხოვენ, რომ გავუზიაროთ გამოცდილება. მათ იციან, თუ როგორი ნამუშევარია ეს საკითხი და როგორი მომზადებულია ეს თემა. რა თქმა უნდა, ევროსაბჭოც ათვითცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გააკონტროლონ უცხოური ჩარევა. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კანონმდებლობაც ისე გვაქვს მორგებული, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი უცხოური ჩარევა ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად, მზად ვართ, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ევროპელებს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
