ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი, საული ნიინისტე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატია. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნული საკითხი ხუთშაბათს პარიზში განიხილეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ.
საული ნიინისტეს უსაფრთხოების სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მას რუსეთთან ურთიერთობების სპეციფიკა კარგად ესმის, ის რუსულ ენასაც ფლობს, წერს მედია.
ევროკავშირის ხელმძღვანელობა სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე იტალიის ყოფილი პრემიერის, მარიო დრაგისა და გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის კანდიდატურებსაც განიხილავდა, თუმცა ფინეთის ყოფილ პრეზიდენტთან შედარებით მათი პოსტზე დანიშვნის შანსები მცირეა.
