აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკა-ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალურ თეირანს გარიგების დადება სურს.
„როგორც ჩანს, ირანს გარიგების დადება სურს და ეს სწორია. ადრე მათ გადაწყვიტეს ეს არ გაეკეთებინათ, მაგრამ ახლა, მგონია, ისინი სხვანაირად ფიქრობენ. ვნახოთ, როგორი გარიგება იქნება. ის წინა გარიგებისგან განსხვავებული იქნება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანს დიდი საზღვაო ფლოტი უახლოვდება, რომელიც მალე მივა დანიშნულების ადგილამდე.
ცნობისთვის, გუშინ ომანის დედაქალაქ მასკატში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ირანულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ხელმძღვანელობდა. ამერიკული მხარე პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლით, სტივ უიტკოფითა და ბიზნესმენ ჯარედ კუშნერით იყო წარმოდგენილი.
