ნინო ქადაგიძე ჟვანია, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმესთან მისი შვილის კავშირს უარყოფს.
როგორც მან „ქრონიკასთან“ სატელეფონი საუბარში განაცხადა, მისი შვილისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას გეგმავდნენ.
„მე ნამდვილად ვიცი, რომ ბუსამ არაფერი იცოდა. ურთიერთობა ჰქონდა კაკულიებთან, ბავშვობის მეგობრები არიან. არ დაგვიმალავს ჩვენ და ჩვენებებშიც მიცემული აქვს ეს ინფორმაცია. ერთი უბედურება არის, რაც კვარაცხელიებს დაემართათ, ახლა მეორე უბედურება ის არის, რომ უდანაშაულო ადამიანს ასეთ ბრალს წაუყენებ“, – აცხადებს ნინო ქადაგიძე ჟვანია.
დღეს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია.
როგორც გიორგი მიქაიამ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურამ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.
პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.
