ჯორჯია მელონი ემანუელ მაკრონის განცხადებებით გაოცებულია, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც ჯორჯია მელონიმ ულტრამემარცხენე ახალგაზრდების მიერ საფრანგეთში ახალგაზრდა ულტრამემარჯვენე მამაკაცის მკვლელობა დაგმო, მაკრონმა განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შიდა საქმეებზე არ უნდა ისაუბროს.
როგორც გამოცემას იტალიის პრემიერ-მინისტრთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, იტალიაში მაკრონის კომენტარებს „გაოცებით“ შეხვდნენ. მათი თქმით, ჯორჯია მელონის განცხადება „ამ საშინელი მოვლენით დაზარალებული ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას“ ისახავდა მიზნად და „არანაირად არ ერევა საფრანგეთის შიდა საქმეებში“.
ცნობისთვის, 23 წლის სტუდენტი კვენტინ დერანი 14 თებერვალს გარდაიცვალა, ორი დღის შემდეგ, რაც ის ლიონში ნიღბიანი ახალგაზრდების დაჯგუფებამ სასტიკად სცემა. შემთხვევა ლიონის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში (IEP) მოხდა, სადაც დერანი ულტრამემარჯვენე ფემინისტური ჯგუფის დაცვაში მონაწილეობდა. 23 წლის სტუდენტისა და ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 11 ადამიანი. როგორც ფრანგული მედია წერს, დაკავებულებიდან შვიდი პირი უშუალოდ მონაწილეობდა გარდაცვლილი სტუდენტის ცემაში. ლიონის პროკურორის, ტიერი დრანის განცხადებით, საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატის თანაშემწე, რომელიც ულტრამემარცხენე „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (LFI) პარტიის წევრთან მუშაობდა, იმ შვიდ ადამიანს შორისაა, რომლებსაც ულტრამემარჯვენე აქტივისტის გარდაცვალების შემდეგ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.
