ჩვენი თვითმიზანი არ არის არც ამ ოჯახების რაოდენობის შემცირება და არც მითუმეტეს თანხის დაზოგვა, ჩვენი თვითმიზანი არის ამ ოჯახების სამართლიანი შეფასება, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ სოციალურად დაუცველთა ბაზაზე საუბრისას.
მისივე თქმით, პირველ 6 თვეში დაიდება პირველი შედეგები.
„პირველ 6 თვეში უნდა დავდოთ პირველი შედეგები და გავაანალიზოთ გამოკვეთილი ტენდენციები, სად იყო აცდენა, სად იყო პრობლემები, პროცედურა სად ირღვეოდა. თუ ადამიანს, ოჯახს აქვს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველთვიური შემოსავალი რამდენიმე ათეული ათასი ლარი, ეს უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს.
რამდენიმე წლის წინ შემოიღეს ასეთი მიდგომა, რომ თუ ამ ბაზაში მყოფი ოჯახის რომელიმე ერთი წევრი მაინც დასაქმდებოდა ღია შრომით ბაზარზე, ან სამეწარმეო საქმიანობის წარმოებას დაიწყებდა, მას 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებოდა ის სარეიტინგო ქულა, რომლითაც თავიდან მოხვდა ამ ბაზაში და არ ხდებოდა 4 წლის განმავლობაში მისი გადამოწმება.
2026 წლიდან ეს ჯავშნებთან დაკავშირებული მიდგომა გაუქმდა, მაგრამ ვინც ამ დრომდე მოასწრო და ეს ჯავშანი მიიღო, ცხადია ისინი ამ ჯავშანში დარჩებიან და მათი გადამოწმება არ მოხდება“, – აღნიშნა ირინე წაქაძემ.
