ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად მიიჩნევს.
„ნდობა და მხარდაჭერა, რომელიც ამ ორ ტელევიზიას აქვს, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ყველა აგენტურულ მედიას ერთად აღებულს,“ — განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ ტელეკომპანიების მაღალი რეიტინგი და მაყურებლის ნდობა გახდა მათი ოპონენტების გაღიზიანების მიზეზი.
„პირადად ჩემი და პარტია „ხალხის ძალის“ სახელით უპირობო მხარდაჭერას გიცხადებთ თქვენ — ტელეკომპანია „Postv-ს“ და ტელეკომპანია „იმედს“ — რადგან თქვენ აკეთებთ უზარმაზარ საქმეს და ამას აფასებს ქართველი ხალხი. მრავალი წელია, რაც თქვენ ქართველ ხალხს ეუბნებით მართალ სიტყვას, სწორედ ამიტომ გახდა ტელეკომპანია „იმედი“ სატელევიზიო რეიტინგების უპირობო ლიდერი როგორც ყურებადობის, ისე მაყურებელთა ნდობის მხრივ და სწორედ ამიტომ დაიკავა ტელეკომპანია „პოსტვ-იმ“ მეორე ადგილი ამავე რეიტინგებში. ნდობა და მხარდაჭერა, რომელიც ამ ორ ტელევიზიას აქვს, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ყველა აგენტურულ მედიას ერთად აღებულს. სწორედ ეს გახდა საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურის მფარველების გაღიზიანების მიზეზი და, რადგან მართალ სიტყვას სხვანაირად ვერ აჯობეს, გადაწყვიტეს უხეში ძალით ჩაახშონ სიტყვის თავისუფლება და უბრალოდ საღი აზრი.
საქართველოში ეს სცენარი უკვე ნანახი გვაქვს 2007 წელს, როდესაც სააკაშვილი სპეცრაზმით შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, წაართვეს არხი მის მფლობელს — ბადრი პატარკაციშვილს, დაარბიეს შენობა, გაანადგურეს ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკა, სასტიკად სცემეს ჟურნალისტები და არხი ეთერიდან გათიშეს. სიმბოლურია ისიც, რომ როდესაც „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც დღეს ტელეკომპანია „პოსტვის“ 52%-იანი წილის მფლობელია, „იმედის“ მხარდასაჭერად იმყოფებოდა ტელეკომპანიის შენობაში. რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად, მას კონსტიტუციის დარღვევით აღუკვეთეს თავისუფლება და ამის შემდეგ იძულებული გახადეს, ქვეყანა დაეტოვებინა და წლების განმავლობაში ოჯახთან და მცირეწლოვან შვილებთან ურთიერთობაც არ ჰქონდა.
დღეს კოლექტიური ნაცმოძრაობა იგივე სცენარის გამეორებას ცდილობს, ამჟამად ბრიტანეთის მთავრობის ხელით, თუმცა ვერავინ შეძლებს სიმართლის ჩახშობას და როგორც სააკაშვილი დამარცხდა ქართველ ხალხთან, ისე დამარცხდებიან დღევანდელი აგენტურა და მათი პატრონებიც.
აგენტურისა და მათი პატრონების გავეშებას ერთი მიზეზი აქვს — მათ ვერ შეძლეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ჩვენი სამშობლოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ ომში. ვერ აიხდინეს ნატვრა, რაც ყველაზე მკაფიოდ ნინო ლომჯარიამ გამოთქვა, როცა განაცხადა, რომ ერჩივნა, ცხელი ბომბები ჩამოცვენილიყო საქართველოში, ოღონდ არ მოესმინა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველ სანქციებს.
ბუნებრივია, სანქციები არაა სასიამოვნო, მაგრამ არჩევანი მარტივია: ნებისმიერი დასავლური სანქცია თუ ევროპარლამენტის მორიგი უსამართლო რეზოლუცია ბევრად ნაკლებ მტკივნეულია, ვიდრე თუნდაც მხოლოდ ერთი რაკეტა, რომელიც შეიძლება თბილისის ცენტრში აფეთქდეს, ან ერთი რაკეტა, რომელიც გარდაბნის თბოელექტროსადგურს გამოიყვანს მწყობრიდან და მრავალი წლით დაგვაბრუნებს გასული საუკუნის ბნელ 90-იანებში. ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის გადარჩენაა, ჩვენი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნებაა, ჩვენი ამოცანა ეკონომიკის განვითარებაა და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამის გაკეთებას. ამ ბრძოლაში კი საზოგადოებისთვის სიმართლით აღჭურვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ ამოცანას ემსახურებიან „იმედი“, „პოსტივი“ და მათი ჟურნალისტები და, რაც მთავარია, ამას კარგად ხედავს ქართველი ხალხი. ამიტომაც აქვთ მხარდაჭერა ამ ტელეკომპანიებს, რაც იგრძნობა რეიტინგებში და მათ მიმართ ხალხის დამოკიდებულებაში. აგენტურის დროებითი სიხარული კი კვლავ მათი დამარცხებით დასრულდება,”– განაცხადა სოზარ სუბარმა.
