დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას ჩვენ ვთხოვეთ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში მიიღეს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის ინფორმაცია, რომელიც მიდის თბილისიდან, სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ „პოსტივის“ ან ტელეკომპანია „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას.
„ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას და რა თქმა უნდა ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ, თუ რას ეფუძნება ის შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანია „პოსტივისთან“ და „იმედთან“ დაკავშირებით და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს ქართულ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით.
ასეთი მტკიცებულება, ან რაიმე ასეთი დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს, კონკრეტული არაფერი წარმოუდგენიათ. მე მოვისმინე მხოლოდ და მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია, რას ეფუძნება ეს შეფასებები, როდესაც ისინი თვლიან, რომ თურმე რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას, ან რამენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, ამ ბრალდებებს და შეფასებებს საქართველო არ იზიარებს, რადგან ამას სჭირდება მტკიცებულებები.
„40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა“, – განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
