სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი დაკავშირებული არიან არა მხოლოდ გეოგრაფიით, არამედ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მშვიდობიანი თანაცხოვრებით, მეგობრობითა და ნდობით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ ბიზნესფორუმზე განაცხადა.
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ურთიერთობა აზერბაიჯანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
„შემთხვევითი არ არის, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში სამ მილიარდ დოლარს აღემატება — ქვეყანა წამყვანი ინვესტორია, ასევე ასობით სხვა აზერბაიჯანული კომპანიაც არის წარმოდგენილი სხვადასხვა სექტორში: ტურიზმში, უძრავ ქონებაში, წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა დარგებში. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ის პროექტები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად განახორციელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო დერეფნებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. ეს პროექტები დღეს ემსახურება არა მხოლოდ ჩვენი ერების ინტერესებს, არამედ ხელს უწყობს ფართო რეგიონულ და ევროპულ ენერგოუსაფრთხოებასა და კავშირგაბმულობას – ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან აღმოსავლეთით, ევროპის ბაზრებამდე დასავლეთით. გვახარებს საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა და ვულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ მიღწევებს. ღონისძიების ფორმატი და ადგილი თავადვე მეტყველებს ამ რეგიონის დიდებულ წარსულსა და ტრადიციებზე. ვფიქრობ, ეს კარგ წარმოდგენასაც გვიქმნის საქართველოს მომავალზე — ეკონომიკური კეთილდღეობის, მშვიდობიანი განვითარებისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორობის გაფართოების გზაზე“, – განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა.
